CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4533
ObjectID: 4533
ID: 4533
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის ბოლო მეოთხედში აგებული შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს. სახლი ყურადღებას იქცევს შეულესავი წითელი აგურის ფასადითა და ამჟამად ჩენილი ირეგულარული გეგმარებით, რომელიც მომიჯნავე განაშენიანებას და მის არასტანდარტულ მოცულობას არის მორგებული. ორსართულიანი შენობა აღმოსავლეთით მცირედ დაქანებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური სამხრეთის ფასადით რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე გამოდის. სახლის გვერდითა ფასადები ყრუა აგურის კედლებია, ხოლო ზურგის, ანუ ჩრდილოეთის ფასადი შიდა ეზოს გადაჰყურებს. ამავე პერიოდის თბილისში აგებული აგურის ფასადიან ნაგებობებს შორის, ეს შენობა ორიგინალურობითა და მხატვრული გადაწყვეტის მრავალფეროვნებით ვერ გამოირჩევა _ მისი ქუჩისა და ეზოსპირა ფასადების კომპოზიცია სავსებით კანონიკურია და საუკუნისთვის დამახასიათებელი ეკლექტური სტილის ტიპიურ ნიმუშს წარმოადგენს. საფასადო დანაწევრება საკმაოდ მაღალ სარდაფის სართულს, დენტიკულებიან სართულშუა თაროს, ასევე დენტიკულებიან, პროფილირებულ კარნიზსა და ყრუ პარაპეტის ჰორიზონტალებს გულისხმობს, რომელთა შორის მოქცეული კედლები, თავის მხრივ, კარ-სარკმლის ღიობებითა და ერთადერთი აივნის კონსტრუქციით არის დანაწევრებული. რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე გამომავალი საკმაოდ ვიწრო და მაღალი პროპორციების ფასადზე მარცხენა კომპოზიციურ ღერძს წარმოქმნის კიდურა მხარეს მოთავსებული სადარბაზო შესასვლელი და მის თავზე შეკიდებული რკინის მოაჯირიანი, ღია აივანი. ამ უკანასკნელის ვერტიკალიზმს ანელებს მარჯვენა მხარეს კედლის მასივში ორ სართულზე გაჭრილი სამ-სამი სარკმელი და სარდაფის სართულში ჩამავალი კიბე და სარკმლებით ფლანკირებული მაღალი კარი. ფასადის მხატვრული გადაწყვეტის სისადავე და ხარისხი თანაბარზომიერად ნაწილდება აგურის წყობაში გამოყვანილ დეკორზე (ღიობთა თავსართები, დენტიკულებით გაფორმებული სარტყლები), მოჩუქურთმებულ ხის ნაკეთობაზე (სადარბაზოს მაღალი, ფრამუგიანი კარი) და რკინის ცხაურის კომპოზიციაზე (ყვავილოვანი მოტივით შთაგონებული აივნის ცხაური). შენობის სადარბაზო ხის რიკულებიანი კიბის უჯრედით არის წარმოდგენილი, რომელიც ჭერსი დატანებული მოგრძო პარალეპიპედის ფორმის შუქფარნით ნათდება. სადარბაზოს პირველი სართულიდან, კერძოდ, კიბის პირველი მარშის ქვეშ მოქცეული ღია გასასვლელით შესაძლებელია შენობის უკანა ეზოში მოხვედრა. ეზოს ფასადი ჭვირული მოაჯირებითა და წახნაგოვანი სვეტებით გაფორმებული ღია აივნებით იხსნება, რომელთა ფართობი დღეს ბოლო სართულის შუშაბანდების და დანარჩენებზე განხორციელებული ამოშენება/მინაშენების ხარჯზე ნაწილობრივ შემცირებულია, შესაბამისად შელახულია მათი მხატვრულ-სივრცული აღქმაც. ეზოს ფასადის სართულიანობა მაღალი სარდაფის სართულის გამო იზრდება და ჩრდილოეთის მხრიდან შენობა, რეალურად, სამსართულიან სახლს წარმოადგენს. სახლის ეზო მეზობელი მაღალი განაშენიანებით არის მოზღუდული და მომცრო, მცირედ გამწვანებულ ფართობს წარმოადგენს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ქუჩის ფასადზე, თუ არ ჩავთვლით მოძველებულ, მოუვლელ და მინებამოღებულ სადარბაზო კარს. საკმაოდ ძველია ხის კიბეები სადარბაზოს ბლოკში, დაზიანებული ჭერი აქვთ აივნებს ეზოს მხარეს. შენობის ავთენტურობა მეტადაა დაცული ქუჩის ფასადის მხარეს, რასაც ვერ ვიტყვით ეზოს ფასადზე, სადაც შუშაბანდიანი აივნების პირვანდელი სახე თანამედროვე მასალებით ამოშენებულ-გაფართოებული კედლებით არის შეცვლილ-შელახული. ზემოთქმულის მიუხედავად, ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4374
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: თაბუკაშვილი რეზოს ქ./31
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79634696
Y: 41.70239866