CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4306
ObjectID: 4306
ID: 4306
Name: ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა
FullName: ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა მთაწმინდის პლატო
Description: თბილისის ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა, რომელიც 1936-1938 წლებში ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქციისას აშენდა (ავტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი), ზღვის დონიდან 727 მეტრზე მდებარეობს და თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო პანორამული ხედების მქონე ნაგებობაა დედაქალაქში. შენობა, რომელიც ერთდროულად სამთო საბაგიროს (ფუნიკულიორის) სადგურს და ბარ-რესტორანს წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ორი, ფუნქციურად განსხვავებული სივრცეების თანაარსებობა სიმბიოზურია და საუკეთესოდ შეთანხმებულიც, რადგან ნაგებობა ყოველთვის ერთ განუყოფელ მთლიანობად აღიქმება. თითქმის გამჭვირვალე, ღია კონსტრუქციებზე შედგმული და თეთრად შეღებილი შენობა აშენების დღიდან მთაწმინდის პლატოს და, შესაბამისად, თბილისის მაიდენტიფიცირებელ ღირშესანიშნაობად იქცა. რელიეფში ზედმიწევნით ჩაწერილი ზედა სადგურის პირველი რესტავრაცია 1968-1969 წლებში ჩატარდა. 1990-იან წლებში ზედა ნაგებობა ისევე, როგორც ზოგადად ფუნიკულიორი, გაპარტახდა. მისი ბოლო მასშტაბური რესტავრაცია 2012 წელს ჩატარდა, როდესაც 18-წლიანი პაუზის შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამთო-საბაგირო ნახევარკილომეტრიან გზას, ჭონქაძის ქუჩისა და მთაწმინდის პარკში არსებულ სადგურებს. ყველაფერთან ერთად აღდგა და აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება ზედა სადგურის ლეგენდარულმა ბარ-რესტორანმაც. ფუნიკულიორის ზედა ნაგებობაში საკუთრივ ფუნიკულიორის ტრამვაი მიწის სიღრმეში განთავსებულ სადგურში შედის, რომლის ორმხრივი ბაქანიც უზარმაზარ მშვილდათაღოვან ნიშაშია მოქცეული. ბაქანთან დამონტაჟებული ლიფტისა და კიბეების მეშვეობით არის შესაძლებელი ზედა რესტორანსა და ზოგადად, მთაწმინდის პარკში მოხვედრა. სწორედ რესტორანი წარმოადგენს ზედა სადგურის მთავარ არქიტექტურულ ორგანიზმს. ეს უკანასკნელი ზედ პლატოს კიდესთან, ფართოდ მოსწორებულ ადგილზეა აშენებული და მის უშუალო შემოგარენზე მწვანე საფარის არარსებობა რესტორნის სივრცეში გაშლილი ფასადების უკეთ აღქმის საშუალებას იძლევა. ხაზოვანი გეგმარების მქონე, სამსართულიანი შენობა მთავარი ჩრდილოეთის ფასადით ქალაქს გადაჰყურებს, სამხრეთის, ამ შემთხვევაში, ზურგის ფასადი თანმხლები კოლოსალური ორდერით გაფორმებული ლოჯიით, პარკში ამავალ ფართო, ტერასულად მარშირებულ ცენტრალურ კიბეებს შესცქერის, გვერდითა ფასადებდან კი პლატოს შემოგარენის პანორამები იხსნება. საფასადო კომპოზიცია გარემომცველი ლანდშაფტის საუკეთესო პანორამულ ათვისებას ემსახურება და მისი გადაწყვეტის გზები ეპოქისეული, ე.წ. სტალინური არქიტექტურის პომპეზური ტენდენციებისა და მძიმე პროპორციების ფონზე სრულიად მოულოდნელ ჰაეროვან, კონსტრუქტივისტული ნოტების შემცველ სურათს წარმოადგენს. რესტორნის საფასადო კომპოზიცია მსხვილად დანაწევრებულია ღია გალერეებისა და მრავალრიცხოვანი ღიობების მეშვეობით. დეკორატიულ გაფორმება სტალინური არქიტექტურის დეკორატიული სიმსუყის ფონზე საკმაოდ ძუნწია, თუ არ ჩავთვლით ორდერის თანმხლები კაპიტელების გაფორმებას და გალერეის თაღების შემომწერ არშიებს. მთავარ დეკორატიულ აქცენტს არქიტექტურული რითმები და შუქ-ჩრდილის დინამიური თამაში ქმნის. მაღალ ცოკოლზე შესმული პირველი სართული პროპორციულად შედარებით დაბალია, ჩრდილო-სამხრეთის ღერძზე ფართო შესასვლელებია მოთავსებული, ხოლო მთავარი ფასადის მხრიდან არქიტრავული გადახურვის, ღია სვეტებიანი გალერეა არის გახსნილი _ გლუვზედაპირიანი მასიური სვეტებითა და სადა კვადარტული კაპიტელებით. მეორე სართული კოლოსალური, ერთდროულად მეორე და მესამე სართულის სიმაღლეზე ატყორცნილი გალერეებია წარმოდგენილი. გალერეის თაღების საყრდენად კომპოზიტური კაპიტელებით დამშვენებული, დახვეწილი პროპორციების მქონე გლუვი სვეტებია გამოყენებული. პირველსა და მეორე სართულს შორის გავლებულ პროფილირებულ თაროს ძლიერად შვერილი, ასევე პროფილირებული და არშიით შემკული კარნიზი ეპასუხება. რესტორნის გადახურვა გადაჯვარედინებული კოჭებით შეკრული ცალკეული კვადრატების ერთობლიობას წარმოადგენს (ბოლო რესტავრაციის შემდეგ მათ შორის არსებული ღიობები მინით შეივსო), რაც კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის ზემოდან ჩამომავალი შუქის თამაშს. შენობის სწორკუთხა ღიობები მინიმალისტურად, სადად გადაწყვეტილია. მესამე სართულის შედარებით ვიწრო ფართობი, რომელიც ადრე ღია ვერანდის ტიპის სივრცეს წარმოადგენდა, ამჟამად მინით არის შემოზღუდული. აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი რესტავრაციისას განხორციელებული კონსტრუქციული დანამატები (მინის კედლები და სახურავის ფილები) შენობის კონცეფციურ გამჭვირვალობასთან შესაბამისობაშია და რესტორანს ავთენტურ იერს უხეში დარღვევის ხარჯზე უნარჩუნებს. ფუნიკულიორის ზედა სადგური ჭეშმარიტ არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს, რომლის შენარჩუნება და მისი ავთენტურობის დაცვა დედაქალაქის ურბანული მემკვიდრეობის პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4527
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მთაწმინდის I შეს./
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1938 წ.
InitialFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;
CurrentFunction: კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>რესტორანი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78665199
Y: 41.69491607