CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4245
ObjectID: 4245
ID: 4245
Name: სახელმწიფო კონსერვატორია
FullName: სახელმწიფო კონსერვატორია
Description: ნაგებობა აშენდა სამუსიკო სასწავლებლის სახელწოდებით გრიბოედოვისა და კრუზენშტერნის ქუჩების კუთხეში. ამ შენობის მშენებლობის ფონდი დაარსდა ჯერ კიდევ 1891წ. ანტონ რუბენშტეინის საქველმოქმედო კონცერტით. 1901წ. 22 ივნისს, თბილისის საქალაქო მმართველობის კანცელარიაში, განუხილავთ და დაუმტკიცებიათ სამუსიკო სასწავლებლის პროექტი (ფასადი, გეგმები, ჭრილები). არქიტექტორ ა. შიმკევიჩს პროექტზე ხელი მოწერილი აქვს 1901წ. 22 მარტს .იხ. სცსა ფ.192, საქმე №6511. დედანი ინახება ამ არქივში.
სასწავლებლის შენობა აშენდა 1903წ, ხოლო საკონცერტო დარბაზი (მცირე) საზეიმოდ გაიხსნა 1904წ. 24 ოქტომბერს. კონსერვატორია დაარსდა 1917წ. 1 მაისს, თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე. სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი კი მიენიჭა 1924 წლიდან.
დაქანებულ რელიეფზე აგებულ ორსართულიან მოცულობას, არაწესიერი მართკუთხედის ფორმის, მრავალკუთხა მოხაზულობის გეგმა ჰქონდა. მთავარი ფასადი გამოდიოდა გრიბოედოვის ქუჩაზე. სტრუქტურულად კი გეგმა მარტივი იყო – ნაგებობის მარცხენა ნაწილში განთავსებული განმანაწილებელი ჰოლი და მის უკან, ორთავე სართულის მომცველი, საკონცერტო დარბაზი. შესასვლელი ფლანკირებულია კლასიკური ელფერის მქონე მრგვალი ნახევარსვეტებით და მათზე შემომდგარი ბაროკული ფრონტონით. მარჯვნივ ორივე სართულზე ჩამწკრივებული იყო, შუაზე დერეფნით გამიჯნული, მართკუთხა ოთახები. მარჯვენა კუთხეში დატანილი იყო უკანა ეზოში გასასვლელი ტალანი, მარცხენა კუთხეში კი, მეორე სართულზე ასასვლელი კიბის ვრცელი უჯრედი. საკონცერტო დარბაზი ღრმად იყო შეჭრილი ეზოში და თავისუფალი იყო მინაშენებისგან.
ნაგებობის თავდაპირველად ჩამოყალიბებული ზოგადი სახე და გეგმარება შეცვლილია. შეიცვალა, როგორც მთავარი ფასადი, ასევე უკანა მხარე და ინტერიერი. XX საუკუნის შუა წლებში განხორციელდა გეგმარებითი და საფასადო ცვლილებები. მოხდა მნიშვნელოვანი გაფართოება და ახალი მოცულობების დამატება.
1936-38 წლებში ნაგებობას დაემატა ორი სართული. მარცხენა ფლანგში მოეწყო დიდი საკონცერტო დარბაზი. დარბაზი იტევს 650 კაცს. მარჯვენა ფლანგში გაუქმდა ეზოში შესასვლელი ტალანი. შეივსო ტეხილი უკანა ფასადი ეზოს მხრიდან. ამოშენდა მცირე საკონცერტო დარბაზის სარკმლები და იქვე გვერდით მოეწყო მეორე სართულზე ასასვლელი კიბე (არქიტექტორები: შ. თავაძე, ვ. ურუშაძე). 1960-იან წლებში დაშენდა სამანსარდო სართული.
შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაგებობის სხვადასხვა მონაკვეთები განსხვავებული სართულიანობისაა. მაღალი სარდაფის სართული შენობის წინა ნაწილის ქვეშ არის განთავსებული. გრიბოედოვის ქუჩიდან შენობა ოთხსართულიანია. მეოთხე სართული პარაპეტის ზემოთაა. ორფერდა სახურავის ქვეშ მოწყობილია მანსარდა. მცირე საკონცერტო დარბაზი ერთიანად მოიცავს I და II სართულს; სამ სართულს მოიცავს, შემდეგ დამატებული, დიდი საკონცერტო დარბაზი.
ზედა დამატებულ ორივე სართულზეც ქვედა თავდაპირველი ბირთვის მსგავსი გეგმარებაა – ჩამწკრივებული, შუაზე დერეფნით გამიჯნული, მართკუთხა ოთახები.
თავდაპირველად მთავარი იყო შენობის აღმოსავლეთი ფასადი, გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან. მოგვიანებით ნაგებობაზე ორი სართულის დაშენების დროს დაემატა ოთხსართულიანი მოცულობა ლაღიძის ქუჩიდანაც და ამ სამხრეთ ფასადსაც, აღმოსავლეთი ფასადის მსგავსი ასახულობა აქვს. ჩრდილოეთი ყრუ კედლით მიდგმულია მეზობელ ნაგებობაზე. ეზოს ფასადთა არქიტექტურული სახე ამჟამად ნაკლებად მნიშვნელოვანია.
აღმოსავლეთი ფასადი – ამჟამად ოთხსართულიანია. ეს ეკლექტიკური კომპოზიცია თანდათან შეიქმნა. თავდაპირველი ორსართულიანი ნაგებობა 1930-იან წლებში ამაღლდა ერთი სართულით. შემდეგ სამსართულიან, ფსევდოკლასიკური სტილის ფასადის პარაპეტზე დაშენდა ატიკის მეოთხე სადა სართული და მცირე ბაროკული ცრუ ფრონტონი გადანაცვლდა ზემოთ. თავდაპირველი კომპოზიციიდან შემორჩენილია საფასადო სიბრტყის განაწილების კლასიკური პრინციპი. შუაში დატანილია იონურ კაპიტელებიანი ნახევარსვეტებით ფლანკირებული პორტალი, ნალესობით მორთული თაღოვანი ღიობით. ღიობში მდიდრულად მოხარატებული ხის ორფრთიანი კარია ჩასმული. ქვის ფილებით მოპირკეთებულ დაბალ ცოკოლზე მდგომი პირველი სართული, მარტივი მართკუთხა სარკმლებით, რუსტირებულია. ორი ზედა სართული დანაწევრებულია კლასიკურ ორდერიან პილასტრებით და სხვადასხვა სიმაღლის და ფორმის ნალესობით მოჩარჩოებული და სანდრიკებიანი სარკმლებით.
სამხრეთი ფასადი – სამხრეთი ფასადი, რომელიც გამოდის მ. ლაღიძის ქუჩის მხარეს, გვიანი დანამატია. თავდაპირველად მას სხვა სახე ჰქონდა. ამ მხარეს გამოდიოდა ორსართულიანი ნაგებობის მოკლე გვერდი და იქვე ქუჩის აყოლებით გალავნით შემოფარგლულ ეზოში, ღრმად მოსჩანდა მცირე საკონცერტო დარბაზის სამხრეთი, თაღოვან სარკმლებიანი კედელი. გადაკეთებათა შემდეგ აქ ჩამოყალიბდა ფსევდოკლასიცისტური სტილის ეკლექტიკური ფასადი, რომელიც მიმსგავსებულია ნაგებობის მთავარ აღმოსავლეთის ფასადს.
სარდაფი – თავდაპირველი გეგმარებით სარდაფი გამართულია შენობის მთელ პერიმეტრზე, გარდა მცირე დარბაზის სცენისქვეშა ნაწილისა. გეგმარება აქ ზედა სართულების მსგავსია.. მისი სქელი კედლები საყრდენია ზედა სართულებისათვის. ჩასასვლელი კიბე მოწყობილი იყო უკანა მხრიდან. ქუჩისა მხრიდან ნათთებოდა ტროტუარში ჩაჭრილი მცირე მართკუთხა ღიობებით. I და II სართული – თავდაპირველი გეგმარება თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია. გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან, მდიდრულად მორთული სადარბაზო კარით შევდივართ მართკუთხა, მაღალ ვესტიბიულში, საიდანაც მოკლე საპარადო კიბით ვხვდებით მცირე დარბაზის წინა ფოიეში. პირდაპირ ორსინათლიანი მცირე დარბაზია. აქედანვე მარჯვნივ თაღოვანი გასასვლელებია ოთახების გამყოფ დერეფნებში. ფასადის ფლანგები ამ ცენტრალური სივრციდან გამოყოფილია. მარჯვნივ დატანილი იყო უკანა ეზოში გასასვლელი გრძელი ტალანი, ფასადის მარცხენა ფლანგში კი – კიბის უჯრედი ზედა სართულზე ასასვლელად (ძველი კიბის უჯრედი და ტალანი ამჟამად გაუქმებულია. ტალანში ახალი კიბის უჯრედია მეოთხე სართულზე ასასვლელად. ახალი ტალანი დატანილია მიმდებარე შენობაში, რომელიც გაერთიანებულია კონსერვატორიასთან)
მეორე სართულის გეგმარება პირველი სართულის მსგავსად იყო გადაწყვეტილი, იმ განსხვავებით, რომ მაღალი ვესტიბიულისა და უკანა ეზოში გასასვლელი, გრძელი ტალანის ნაცვლად, ზედა სართულზე ოთახებია დატანილი. მცირე დარბაზის ზედა სასინათლო სართულის კედლები გარშემოსავლელი დერეფნებისკენ თაღებით იყო გახსნილი, ამჟამად კი დახურულია. III და IV სართული – ეს სართულები გვიან არის დამატებული. მათი გეგმარება მეორე სართულის მსგავსია. თუმცა უფრო მეტად არის დატიხრული და განლაგებულია სხვადასხვა ზომისა და გეგმარების ოთახები. მცირე საკონცერტო დარბაზი – მაღალი მართკუთხა დარბაზი გადაწყვეტილი იყო ბაროკოს დაჩითულ სტილში. დარბაზი ორსინათლიანია. ეს ორი სივრცობრივი არე ერთმანეთისგან გამიჯნულია უწყვეტი, პროფილირებული თარო ლავგარდნით შემოფარგლული ფრიზით. ქვედა სასიმაღლო დონეზე, სამივე მხარეს, სცენის უკანა გლუვი კედლის გარდა, თარაზული, ფართე შესასვლელებია. მარცხენა (სამხრეთის) ღიობები თავდაპირველად პირდაპირ ეზოში გადიოდა (დიდი დარბაზის აგების შემდეგ ეს ღიობები ამოშენდა). აქვე, გვერდით კედლებზე დატანილია შორენკეცით მოპირკეთებული და კვეთილი შემკულობებიანი კაპიტელებით დაგვირგვინებული, პილასტრის ფორმის კედლის მაღალი ღუმელები. შესასვლელებისა და კედლის ღუმელების ზემოთ კვეთილი ფიგურული კომპოზიციებია: შესასვლელების ზემოთ – ვოლუტებიან ფრონტონში მოქცეული ქალის სახის გამოსახულებები, მასკარონებიანი ფრთიანი ამურებით, ხოლო ღუმელების თავზე – კომპოზიტორთა გორელიეფური ბიუსტები. ზედა სასიმაღლო დონეზე, ოთხივე კედელი გახსნილი იყო თაღოვანი ღიობებით, რომელთა ხის დარაბები მოხატული იყო მოდერნისტული საალფრეო მხატვრობით. საალფრეო მხატვრობითაა დაფარული ჭერიც და ჭერსქვედა კედლების ფრიზი. ჭერის ლავგარდნები და ძირითადი სიბრტყე მდიდრულადაა მოჩუქურთმებული პლასტიკური ელემენტებით. ცენტრში დიდი, მოოქროვილი ვარდულია. ოთხი მცირე ვარდულია კუთხეებში. ცენტრალური ვარდულიდან ეშვება მდიდრული ჭაღი. დარბაზის სივრცეს ქვემოთ აერთიანებს პარკეტის სარკისებრი იატაკი. პარტერი თარაზულია. სცენა ოდნავ ამაღლებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4085
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიბოედოვის ქ./8.ლაღიძე მიტროფანეს ქ./7
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1901-1904
DateRangeFrom: 1901
DateRangeTo: 1904
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო>>უმაღლესი სასწავლებელი;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79522129
Y: 41.69936534