CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3889
ObjectID: 3889
ID: 3889
Name: შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრი
FullName: შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრი
Description: სათეატრო შენობის ფუნქციიდან გამომდინარე ნაგებობა სტრუქტურულად განვითარებულია გრძივ ღერძზე (64X90მ) – ცენტრალური ჰოლი, საპარადო კიბეები, მაყურებელთა დარბაზი და სცენის უჯრედი დამხმარე სათავსებით. თაღოვანი ვესტიბიული და ცენტრალური ჰოლი რუსთაველის გამზირის პირზეა, I სართულზე. მის ზემოთ მაღალი II სართული უჭირავს საკონცერტო დარბაზს ორი ფოიეთი. მთელ ამ მონაკვეთს აღმოსავლეთისკენ ემიჯნება საპარადო განმანაწილებელ კიბეთა მარშები. მათ შემდეგ 16 მ. სიმაღლის მაყურებელთა დარბაზია, ოვალური ლოჟებით და იარუსებით. სცენის უჯრედი 35 მ სიმაღლეზეა აღმართული. მას აღმოსავლეთიდან გარს ეკვრის, ოვალური მოხაზულობის, ხუთსართულიანი ნაგებობა დამხმარე სათავსებით. ცენტრალური ჰოლის ქვემოთ, სარდაფის დონეზე, მოწყობილი იყო ჯვრულ კამარებიანი რესტორანი „ანონა", შემდგომში კაფე „ქიმერიონი" (დღეს ქიმერიონის დარბაზი გარდერობის, კაფეს და ტუალეტების ჰოლის ფუნქციას ასრულებს). მოგვიანებით თეატრის შენობა აღმოსავლეთისკენ ეტაპობრივად განვითარდა და დაემატა შვიდსართულიანი ნაგებობა. დამხმარე სათავსების დამატება მიმდინარეობს ამჟამადაც.
მთავარია თეატრის შენობის დასავლეთი ფასადი, რუსთაველის პროსპექტის მხრიდან, რომელიც თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი. დანარჩენ ფასადთა არქიტექტურული სახე ნაკლებად მნიშვნელოვანია.
დასავლეთი ფასადი – სამსართულიანი ეკლექტიკური სტილის ფასადის ორი ზედა სართული როკოკოს დაჩითული ელემენტებით არის გაწყობილი, ქვედა სართულში კი უკვე ჩანს მოდერნის ნიშნები. ცენტრში, აქ, II სართულიდან მთელ განიერ ტროტუარზე, გადმომდგარია კლასიკურ ორდერიან სვეტებზე დაფუძნებული, მდიდრულ მოაჯირიანი, მართკუთხა ღია ტერასა. თავად ფასადი დანაწევრებულია სართულებად ჩარიგებული, სხვადასხვა სიმაღლის და ფორმის ღიობებით. I სართულზე მოდერნის ტიპის ჭედური ლითონის ცხაურებიანი ფართო და მართკუთხა, შემინული ღიობებია.
II სართულს გასდევს თაღოვან, მაღალ სარკმელთა რიგი, კანელურებიანი პილასტრებით დანაწევრებული და დაჩითული სათაურებით მორთული, რომელთა რიტმს იმეორებს, მათ ზევით, III სართულის დონეზე, ასევე დაჩითული სახეებით მოჩარჩოებული მრგვალი სარკმლები და პილასტრთა ვოლუტებიანი კაპიტელები. ფასადის ფლანგებზე, ამავე დონეებზე, მრუდზედანებიანი სარკისებრი ღიობებია დატანებული, კუთხეებში კი, მცირე აივნებიანი თაღოვანი ღიობები.
ზემოთ რთულპროფილიანი, ქვაში რელიეფურად ნაძერწი ფრიზებით და ოვალურ-ტალღისებრი, მცირე ფრონტონებით შემკული მაღალი ლავგარდანია. ხოლო სულ ზემოთ – მრგვალსარკმლებიანი მაღალი და ოვალური, მანსარდის ტიპის სახურავი. I სართული განსხვავებული ესთეტიკისაა. ვესტიბიულში შესასვლელი სამი ცენტრალური ღიობი და კიდევ ორი ღიობი „ქიმერიონში" ჩასასვლელი კიბეების წინ, შევსებული იყო ხის მაღალმხატვრული კვეთილობით მოჩუქურთმებული კარებით, რომელთა ფიგურული თავსართები იმეორებდნენ შენობის ლავგარდნის ოვალურ ფრონტონთა კვეთილ ფორმებს (ხანძრის დროს დამწვარი ხის კარები აღდგენილია განსხვავებული კვეთილობით). ღია ტერასა შეწყვილებულ გლუვ სვეტებს ეყრდნობა. ამ ორ წყვილ სვეტს შორის თითო მაღალი თუჯის ლამპიონი იყო აღმართული, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს და უნდა აღდგეს თავდაპირველი სახით. ასევე სახეცვლილია ღია შვერილი ტერასის იატაკში რიგებად დატანებული მინის მართკუთხა ფანრები, საიდანაც შუქის ათინათები აღწევდა ტერასის ქვედა სივრცეში.
აღმოსავლეთი ფასადი – თეატრის აღმოსავლეთი ფასადი, რომელიც გამოდის რ. თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს, გვიანი დანამატია. თავდაპირველად მას სხვა სახე ჰქონდა. ამ მხარეს გამოდიოდა რუსული აგურის წყობით აყვანილი, 30 მ. სიმაღლის კოშკურა ტიპის ყრუკედლიანი სცენის უჯრედი, მრგვალსარკმლიანი ფრონტონით. მას ნახევარ სიმაღლეზე გარს ეკვროდა, აღმოსავლეთისკენ მომრგვალებული, ხუთსართულიანი დამხმარე ნაგებობა, აგურის შეულესავი კედლებით და სხვადასხვა ზომისა და ფორმის უსახო სარკმლებით.
1980-იან წლებში, რ. თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან დაემატა შვიდსართულიანი ნაგებობა, რომელმაც მოიცვა 1930-იან და 1960-იან წლების მინაშენები. ამ შენობის აღმოსავლეთ ფასადს (ისევე როგორც მის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებს) კონსტრუქტივისტული სახე აქვს, ცრუ პილასტრების სისტემებით, მართკუთხა ფართო სარკმლებით და კოშკურა ტიპის რიზალიტებით ზედა ნაწილში. კედლები შებათქაშებულია და მუქყვითლად არის დაფერილი.
ჩრდილო და სამხრეთი ფასადები – ეს უსახო და უსისტემო ფასადები მოქცეული იყო მჭიდრო განაშენიანებაში. ჩრდილოეთი ფასადის თითქმის მთელი სივრცე რუსული აგურით ამოყვანილი ყრუ კედლებია. მის დასავლეთ ნაწილზე მიშენებულია დაბალი საცხოვრებელი სახლები. სამხრეთ ფასადზე ჩრდილოეთის საპირისპიროდ დატანილია უამრავი სარკმელი და ღიობი, მაგრამ ეს ყოველივე უსისტემოდ არის გაკეთებული. კედლები აქაც რუსული აგურით არის ამოყვანილი.
ინტერიერი წარმოადგენდა XIXს-ის ევროპასა და რუსეთში ჩამოყალიბებულ სათეატრო შენობის ტიპს, მისთვის დამახასიათებელი სტრუქტურითა და ეკლექტური მხატვრული სახით. სტილთა სიჭრელე განსაკუთრებით იჩენს თავს ინტერიერში. აქ თითქმის ყველა დარბაზი და ცალკეული მოცულობითი მონაკვეთი განსხვავებული ხუროთმოძღვრული სტილით არის გაფორმებული.
მაყურებელთა დარბაზი – 16 მ სიმაღლის მაყურებელთა დარბაზი გადაწყვეტილი იყო როკოკოს დაჩითულ სტილში. პარტერს ამფითეატრის სახე აქვს. ქვევიდან ზევით, ოთხ სასიმაღლო რიგად არის გაწყობილი: ბენუარის ლოჟები, ბელეტაჟი და ორი ზედა იარასუი. ლითონის ფერმებზე შეკიდული, საალფრეო მხატვრობით დაფარული ოვალური ჭერი, მდიდრულად მოჩუქურთმებული პლასტიკურ-კვეთილობებიანი, უზარმაზარი მოოქროვილი ვარდულით არის გავსებული, რომლის ცენტრალური ნახევარსფეროსებრი პლაფონიდან უხვად იღვრება ელექტროშუქი. ნაძერწი პლასტიკური ფორმებით არის მორთული ლოჟების ამობურცული ფერდები და ავანსცენის კედლები.
საკონცერტო დარბაზი – არანაკლებ პომპეზურია II სართულზე მდებარე ვრცელი საკონცერტო დარბაზი. ეს დარბაზიც როკოკოსეული ელემენტებით არის დახუნძლული და ამავე დროს, დასავლეთის ფასადის მსგავსად, დაჩითულ ოვალებსა და თაღებთან ერთად გამოყენებულია ფორმები კლასიკური რეპერტუარიდანაც – ოთხივე კედელზე აყოლებული კანელურებიანი პილასტრები და მათი ვოლუტებიანი კაპიტელები. დარბაზი ორსინათლიანია. ეს ორი სივრცობრივი არე ერთმანეთისგან გამიჯნულია უწყვეტი, პროფილირებული თარო ლავგარდნით შემოფარგლული, პლაფონებიანი ფრიზით. ქვედა სასიმაღლო დონეზე, ფასადის მხარეს მაღალი, თაღოვანი სარკმლებია, ჩრდილოეთის მოკლე კედელში დატანებული იყო თაღოვანი ესტრადა, საალფრეო მხატვრობით შემკული ნახევარკამარით (ამჟამად გადატანილია სამხრეთ კედელში), სიღრმისეულ გრძივ კედელში კი თარაზული ღიობებია. ზედა სასიმაღლო დონეზე, ფასადის მხარეს მრგვალი ლუნეტებია, ასეთივე ლუნეტებია საპირისპირო კედელშიც, მოკლე გვერდებზე კი მუზარადისებრი და ოვალური თაღების ვარიაციები. ჭერი ერდოსებრად დარბაზის ცენტრშია მოწყობილი, ყუთის ფორმა აქვს და ლითონისფერმებიან სისტემაზეა შეკიდული (თავდაპირველად ხის იყო, 1949 წ. ხანძრის შემდეგ კი რკინა-ბეტონით აღადგინეს). ჭერის ლავგარდნები და ძირითადი სიბრტყე მდიდრულადაა მოჩუქურთმებული პლასტიკური ელემენტებით, ცენტრალურ ღერძზე კი დაკიდულია მდიდრულად მორთული ლითონის ორი ჭაღი. მოოქროვილი კვეთილობითაა შემკული კედლების თაღთაშორისი არეებიც. დარბაზის სივრცეს ქვემოთ აერთიანებს პარკეტის სარკისებრი იატაკი (დღეს დარბაზში მაყურებელთა სავარძლებიანი ამფითეატრია მოწყობილი, სცენა კი სამხრეთის მოკლე გვერდზეა გადატანილი).
„ქიმერიონი" – ესაა თაღოვან-კამაროვანი მონაკვეთებით დანაწევრებული, ოთხნავიანი, 4მ სიმაღლის ეკლექტური ბუნების მქონე დარბაზი – ერთგვარი თაღედთა სისტემა, რომელიც ეფუძნება ჯვრული კვეთის დაბალ ბურჯებს. ამ მასიურ ბურჯთა თხელი, პროფილირებული კაპიტელები და მათ ზემოთ, სხვადასხვა მოხაზულობის მქონე თაღები და ჯვრული კამარები სიმსუბუქეს სძენს დარბაზის დამჯდარ პროპორციებს. დარბაზის ეკლექტიკურ ესთეტიკას ამძაფრებდა გვერდით ნავებში დატანებული ვიტრაჟები და თაღების, კამარების და ბურჯების საალფრეო მხატვრობა მოდერნის სტილში.
კაფე „ქიმერიონის" გახსნის შემდეგ ეს მოცულობები ხელახლა მოიხატა ცნობილი თბილისელი მხატვრების მიერ. მოიხატა ასევე ვიტრაჟებიც.
მხატვრობა ბურჯების წახნაგებზე მოქცეული იყო მაღალ მართკუთხა ჩარჩოებში, კედლების მოხატულობას კი უმეტესად ოვალური პანოების ფორმა ჰქონდა.
ამჟამად „ქიმერიონის" მოხატულობა თითქმის მთლიანად გამოვლენილია. ვერ მოხერხდა მხოლოდ იმ მხატვრობის აღდგენა, რომელიც განადგურდა სხვადასხვა რემონტების დროს.
„ქიმერიონის" დარბაზი ნათდებოდა რუსთაველის გამზირიდან ფასადის მიმდებარე ტროტუარში დატანილი სასინათლო ცხაურებით. დარბაზის წინ აქ, ტროტუარის ქვეშ, ფასადის გასწვრივ მოკლე პერპენდიკულარული კედლებით ერთგვარი მართკუთხა ჯიბეებია (სულ ცხრა), სადაც მოწყობილი იყო ფასადის ღიობების დამცავი, მხატვრულად ნაჭედი ლითონის ცხაური (თითოში თითო) და მათი ასაწევ დასაწევი მექანიზმი. ჯიბეები ერთმანეთთან იყო დაკავშირებული მათ განივ კედლებში გაჭრილი, გასანიავებლად დატანილი ღიობებით. (სარდაფის განათების, განიავების და იზოლაციის ეს კონსტრუქციული ხერხი ხშირად გამოიყენებოდა იმდროინდელ თბილისში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4816
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რუსთაველის გამზ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1901წ.
InitialFunction: კულტურა>>თეატრი;
CurrentFunction: კულტურა>>თეატრი;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.79764197
Y: 41.69969374