CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3597
ObjectID: 3597
ID: 3597
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის საფასადე კომპოზიცია სიმეტრიულია. პირველ სართულზე, ცენტრში, სადარბაზოს რკალური ფორმით დაგვირგვინებული ღიობია მოთავსებული, რომელშიც ხის, ფანჯრებითა და სადა ფორმებით გაფორმებული ხის, ორფრთიანი კარია ჩამოკიდებული. მის მარცხნივ ეზოში შესასვლელი გვირაბია მოქცეული, მარჯვნივ კი - მართკუთხა, დიდი ზომის ღიობი ვიტრინა, რომელიც ეზოს გვირაბის სწორკუთხა მოხაზულობას იმეორებს. სადარბაზოს კარის თავზე, ორივე სართულზე, თითო, მსუბუქი აჟურული რკინის მოაჯირით შემოსაზღვრული აივანია გამართული. მეორე სართულზე, მის ორსავ მხარეს, ანალოგიური მოაჯირით შემკული ფრანგული აივნებია მოწყობილი. სადარბაზოს კარის აქეთ და იქით, ასევე, ფასადის ორივე განაპირა კიდეზე, დიდი ზომის მძლავრი ატლანტებია დატანილი, რომლებსაც მეორე სართულზე მოქცეული ნახევარწრიული, კანელურებით დაღარული მასიურ, თითო რუსტით გაფორმებულ ბაზისებზე შემდგარი პილასტრები ეყრდნობა. ატლანტები პირველი სართულის ღიობების ორივე მხარეს არსებულ, კედლის ვიწრო სეგმენტებზეა დატანილი. მათი ზომა აღნიშნული კედლების მასშტაბს ჭარბობს კიდეც. მეორე სართულზე, ატლანტების თავზე მოთავსებული პილასტრები თაღოვან მაღალ და განიერ სარკმლებს აქეთ-იქიდან ეკვრის. ნახევარსვეტები კომპოზიტური კაპიტელებით არის შემკული. მესამე სართული, ქვედა ორ სართულთან შედარებით დაბალია. წყვილ ვიწრო სარკმლებს ერთმანეთისგან კარიატიდები გამიჯნავს. ფასადი, სართულებს შორის გავლებული კარნიზითა და მის პერპენდიკულარულად განლაგებული, ვერტიკალური ატლანტებით, პილასტრებითა და კარიატიდების ფიგურებით, მეტ-ნაკლებად თანაბარი ზომის მართკუთხა არეებად იყოფა, რომლებშიც ღიობებია გაჭრილი. ისინი და მათი შემომსაზღვრელი პილასტრები, კარიატიდები თუ ატლანტები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დატანილი. ღიობებს დართული ატლანტები მოძრაობებს სარკისებურად იმეორებს, რაც ერთგვარ რიტმს ქმნის, პირველ სართულზე მოთავსებულ ღიობებს კი თანაბარმნიშვნელოვანს ხდის. ატლანტებიცა და კარიატიდებიც ნახევარი ტანით არის გამოქანდაკებული. ისინი, თითქოს, პილასტრისა და კრონშტაინის, კონსოლის გაერთიანებულ ფორმებს ეყრდნობა. ატლანტები მოყავისფრო ფერისაა და ქვის მუქი ფერის კედლის საერთო სურათს კარგად ერწყმის. ღია ფერის კარიატიდები კი, ასევე ღია ფრად შეღებილ ზედა სართულების კომპოზიციაში კარგად ეწერება. მათ იონიური კაპიტელებისთვის დამახასიათებელი ვოლუტები ამკობს. სამივე სართულზე, ღიობების შემკულობა ერთმანეთისგან განსხვავდება. სადარბაზოს კარს რკინის გისოსით გაფორმებული ტიმპანი აბოლოებს. მის რკალს რუსტირებული თაღი მიუყვება, რომლის ცენტრშიც, სართულების გამმიჯნავ კარნიზს მიყრდნობილი მასიური, პროფილირებული საჭექი ქვაა დატანილი. მეორე სართულზე გაჭრილ მასშტაბურ ტიმპანიან ღიობებს, მათ ორსავ მხარეს განლაგებულ პილასტრების ტანებს მიბჯენილი თაღები შემოწერს. ისინი სადა საპირეებს შეიცავს. თაღის ცენტრში პროფილირებული საჭექი ქვაა წარმოდგენილი. მესამე სართულის ღიობების მორთულობა ძალზე სადაა. კარიატიდებს შორის მოთავსებული წყვილ ღიობებს ერთიანი, სადა საპირე შემოწერს, უშუალოდ სარკმელს კი - თავისი, კიდევ უფრო უბრალო ჩარჩო. შენობას ქანდაკებების ზემოთ დატანილი პროფილირებული კრონშტაინებით დანაწევრებული ფრიზი აბოლოებს.
მთავარი ფასადის გარდა, აღსანიშნავია შენობის სადარბაზო და ეზო. სადარბაზოს იატაკი თეთრი - დიდი და შავი პატარა ზომის ფილებით არის მოპირკეთებული. შესასვლელი და კიბის უჯრედი რამდენიმე საფეხურიანი ქვის კიბით უკავშირდება ერთმანეთს. სართულებს შორის მოწყობილი ასევე ქვის, რკინის აჟურული მოაჯირით შემოსაზღვრული კიბე, აგურით ნაშენ, ეზოში ნახევარწრიულად გამოწეულ სადარბაზოს ნაწილში, შენობასთან მიმართებით ირიბად არის მოწყობილი. ეზოს მხარეს ხის ჭვირულმოაჯირიანი აივნებითა და უბრალო ხის დეტალებით შექმნილი შუშაბანდებით წარმოდგენილი ერთიანი ფასადი, გვიანი გადაკეთებების შედეგად პირველ სართულზე სრულად შეცვლილია, რაც ეზოს პირვანდელ სახეს არღვევს. აქვეა სადარბაზოს აგურით ნაშენი ნაწილი. განსხვავებული ფაქტურის, ხისა და აგურის ფლიგელების კუთხეს, მათ შორის მოქცეული, ირიბად განლაგებული შუშაბანდი ავსებს. მათი ფაქტურული კონტრასტი, იმავე ეზოში აღმართული სახლის ფასადთან გადაძახილსა და ერთიან სურათს ქმნის. აღწერილი შენობა, ქუჩისკენ მიმართული ფასადით ევროპული ხუროთმოძღვრული ნიმუშია, ეზოს მხრიდან კი თბილისური იერის შემცველი, რაც მას ამავე ქალაქში მდებარე სახლების დიდი ნაწილის მსგავსად ,,ორგვარს" ხდის. შენობის მთავარი ფასადის კომპოზიცია, ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული ხუროთმოძღვრული ელემენტების გამო, ექსპრესიულად აღიქმება. ნაგებობა, მიმდებარედ აგებული სახლების მსგავსად, ქუჩის მხატვრულ სახეს განსაზღვრავს და მათ ერთიან, საზეიმო, პომპეზურ სურათში კარგად ეწერება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3732
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ათონელის ქ./29
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
სავაჭრო;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.80233833
Y: 41.69971546