CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3542
ObjectID: 3542
ID: 3542
Name: მუზეუმი
FullName: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილი მუზეუმის შენობა
ComplexName: ბოტანიკური ბაღი
Description: ნაგებობა ბოტანიკური ბაღის ძველ ნაწილში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე, შესასვლელიდან დაახლოებით 250 მეტრში მდებარეობს. მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. ძველ ფოტოსურათებზე და შენობის არქიტექტურაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის სამ ძირითად სამშენებლო ფენას შეიცავს. პირველი ფენა 1872- 1873 წლებს განეკუთვნება. თავდაპირველი ნაგებობა წარმოადგენდა ე. წ. ქართული აგურით ნაშენ ფარეხის ტიპის ერთსართულიან სათბურს, რომელსაც ცალფერდა სახურავი ჰქონდა. რელიეფის გამო მისი უკანა (ჩრდილოეთი) კედელი თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. 1903 წელს შენობა მნიშვნელოვნად გადააკეთეს - დასავლეთის მხრიდან მიადგეს ორსართულიანი მინაშენი, ხოლო არსებული შენობის ნახევარზე ცოტა მეტს მეორე სართული დააშენეს. სამშენებლო მასალად ე. წ. რუსული აგური გამოიყენეს. მესამე სამშენებლო ფენა მოგვიანო ხანის, სავარაუდოდ 1950-60-იანი წლებისაა. ამ დროს გვიანდელი დაშენება აღმოსავლეთიდან პატარა მინაშენით გააფართოვეს, ხოლო კუთხის მონაკვეთზე ლითონის-მოაჯირიანი ტერასა-აივანი მოაწყვეს. ამდენად, შენობამ დღევანდელი არქიტექტურული სახე მიიღო. მას ახლა წაგრძელებული მართკუთხედის გეგმა და ოთხი ფასადი აქვს. რთული რელიეფის გამო შენობა განსხვავებული სართულიანობისაა. სხვადასხვაგვარად არის გადაწყვეტილი ფასადებიც, რომელთა ძირითადი ნაწილი შეულესავი აგურისაა.
ნაგებობის სამხრეთი ფასადი, მარჯვენა განაპირა ნაწილის გამოკლებით ორსართულიანია. სართულებს ერთმანეთისაგან ყოფს აგურის წყობაში გამოყვანილი ორნაწილიანი სარტყელი, რომელიც ერთიმეორის თავზე განლაგებული ხერხულა და მარტივპროფილიანი სარტყლისაგან შედგება. შენობის თავდაპირველი ბირთვი შელესილი და აგურისფრად შეღებილია, მაგრამ ახლა ალაგ-ალაგ ნალესობა ჩამოცვენილია და აგურის წყობა მოჩანს. კედელს მიწის დონიდან საკმაოდ ახლოს გაჭრილი ხუთი მართკუთხა ღიობი ანაწევრებს. აქედან შუა ღიობი დღეს ამოქოლილია. შუაკედლისებს ზედა არეებზე ვიწრო მარტივი სარტყლები მიუყვება, ხოლო ქვედა მონაკვეთები კედლის ძირითადი სიბრტყიდან ოდნავ ამოზიდულია.
შენობის 1903წლის ნაწილები - ე. წ. რუსული აგურით ნაგები დასავლეთის ორსართულიანი მინაშენი და ზედა სართული, სუფთად შესრულებული კარგი წყობით გამოირჩევა. დასავლეთის მინაშენი შენობის ძველ ნაწილთან შედარებით მცირეოდენ სიღრმეშია შეწეული. პირველ სართულზე თითო-თითო მართკუთხა ფანჯარა და კარია გაჭრილი, ხოლო მეორე სართული ყრუა. თავიდან მასში გაჭრილი იყო ერთი ღიობი, რომელიც მოგვიანებით ამოქოლეს. სართულის მარჯვენა განაპირა მონაკვეთი ეკუთვნის საბჭოთა დროის მინაშენს, რომელიც მეორადი გამოყენების აგურითაა ამოყვანილი.
შენობის ჩრდილოეთი ფასადი არსებითად ერთსართულიანი და შეულესავია. კედელს ქვედა არეზე მთლიანად გასდევს ისეთივე სართულშუა სარტყელი, როგორიც დანარჩენ ფასადებს. ფასადი ორი განსხვავებული მონაკვეთისაგან შედგება. მარჯვენა მონაკვეთი ორსართულიანი მინაშენისაა და ოდნავ სიღრმეშია შეწეული. მასში გაჭრილია მშვილდა თაღით დაბოლოებული ორი ფანჯარა, რომელთა თაღები ვერტიკალურად დალაგებული აგურის წყობით არის გამოყვანილი. მარცხენა მონაკვეთი უფრო გრძელია და საბჭოთა ხანის მინაშენს და ტერასა-აივანსაც მოიცავს. კედელს სწორკუთხა კარი და ორი მაღალი თაღოვანი ფანჯარა ანაწევრებს. ფანჯრების თაღები აქაც ვერტიკალურად ჩარიგებული აგურის წყობით მიიღება. კარის სწორკუთხა ღიობი მოგვიანო მინაშენშია გაჭრილი. მის წინ შენობაზე გვერდულად მიდგმული, ასევე გვიანდელი, ლითონისმოაჯირიანი კიბეა, რომელიც მცირე ბაქნით სრულდება. კიბის ქვეშ სათავსოა მოწყობილი.
შენობის აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადები შედარებით ვიწროა. ეს უკანასკნელი მთლიანად 1903 წლის მინაშენს ეკუთვნის. ის ორსართულიანი და შეულესავი აგურისაა. სართულებს ერთმანეთისაგან აქაც ისეთივე სარტყელი ყოფს. ორივე სართულის ცენტრში თითო სწორკუთხა ფანჯარაა გაჭრილი. პირველი სართულის ღიობს ვერტიკალურად ჩარიგებული აგურის წყობა აბოლოებს. მეორე სართულს ზემოთ მარტივი პროფილის მქონე სარტყელი მიუყვება. სარტყლის ზემოთ ფასადი დაბოლოებულია სამკუთხა ფრონტონით, რომელიც ორქანობა სახურავის გამო წარმოიქმნა.
შენობის აღმოსავლეთის ფასადი ბაღის ულამაზეს ნაწილში გამოდის. მისი პირველი სართული შენობის თავდაპირველ ფენას განეკუთვნება. ის ცემენტის ნალესობითაა დაფარული და რუხი შეფერილობისაა. მისი ფასადი ისევეა გადაწყვეტილი, როგორც სამხრეთისა, მაგრამ აქ ხუთი მართკუთხა ღიობის ნაცვლად სამია. შუაში კარის ღიობია, რომელსაც ლითონის ბოლოდროინდელი კარი აბია. სართულის თავზე გვიანდელი ტერასა- აივანია მოწყობილი. მას ლითონის მოაჯირი აქვს. უშუალოდ ტერასაზე გამოდის გვიანდელი მინაშენის შეულესავი კედელი, რომელიც მეორადი გამოყენების აგურით არის ნაშენი. მას დეკორი არ გააჩნია და კედელს ანაწევრებს სამი მაღალი სწორკუთხა ღიობი - შუაში კარი, აქეთ-იქით ფანჯრები.
შენობის მარჯვნივ შემაღლებულ რელიეფს მიუყვება აგურის საფეხურებისაგან შედგენილი კიბე აგურისავე მოაჯირებით ორსავ მხარეს. კიბე შენობის თავდაპირველი ბირთვის დროინდელი - 1872-1873 წლებისა უნდა იყოს. ის კარგად ეწერება ბაღის რელიეფში. დღეს კიბის ზოგი საფეხური მოაჯირი დაზიანებულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3990
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბოტანიკურის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: შენობა სამ ძირითად სამშენებლო ფენას შეიცავს: 1872-1873 წლები,1903წელი და სავარაუდოდ 1950-60-იანი წლები.
DateRangeFrom: 1872
DateRangeTo: 1960-იანი წლები
InitialFunction: კულტურა>>მუზეუმი;
CurrentFunction: კულტურა>>მუზეუმი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80678378
Y: 41.68714097