CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3466
ObjectID: 3466
ID: 3466
Name: ლაბორატორია
FullName: მებაღეობის, ლანდშაფტური დიზაინის განყოფილებისა და მეყვავილეობის საკოლექციო ნაკვეთების თანამშრომელთა შენობა
ComplexName: ბოტანიკური ბაღი
Description: სწორკუთხა გეგმარების, ერთსართულიანი აგურის შენობა ბოტანიკური ბაღის ისტორიულ ნაწილში, შესასვლელიდან 200-იდე მეტრში მდებარეობს. აღმართის აყოლებაზე ოდნავ ირიბად დაყენებული, გზისპირა ნაგებობა უკანა მხრით ბაღის ზედა ნაკვეთების საყრდენ კედელს ებჯინება, პირით კი წავკისისწყლის ხეობისკენაა მიქცეული. ნაგებობის აღქმა თანაბრად შესაძლებელია, როგორც მთავარი, ისე გვერდითა ფასადების მხრიდან.
სახლის ხასიათს აგურის მჭიდრო წყობა, კედლის მოზრდილი, სადა მონაკვეთებისა და სწორკუთხა ღიობების მონაცვლეობას დაფუძნებული საფასადო კომპოზიცია და მკაფიო აქცენტებად დასმული, აგურითვე გამოყვანილი სულ რამდენიმე დეკორატიული ელემენტი განსაზღვრავს. მოკრძალებულ ნაგებობას განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და მომხიბვლელობას სძენდა უწინ, მის მარცხენა გვერდითა ფასადის წინ მოწყობილი პატარა ბაღი და წახნაგოვანი ფორმის აუზი, რომელთა კვალი დღესაც იხილვება მათ პირვანდელ ადგილზე.
ნაგებობის სამივე ფასადს მსგავსი კომპოზიციური წყობა და დეკორი აქვს. გზისპირა, გრძივი ფასადი, მის კიდეებზე გაჭრილი 2 ღიობითაა დანაწევრებული, გვერდითა, ვიწრო ფასადები კი თითო-თითოთი. ფასადების შუა, ძირითადი ნაწილები კედლის სიბრტყიდან სიღრმეშია შეწეული. მათ გარშემო დარჩენილი, კედლის ოდნავშვერილი მონაკვეთები წარმოქმნის ერთგვარ ჩარჩოს, რომელიც ფასადების კიდეებზე კუთხის „პილასტრებად“ იკითხება, ქვედა ნაწილში კი „ბაზისად“, რომელზეც ნაგებობაა დაყენებული. კიდევ ერთი საფეხურით სიღრმეშია შეწეული კედლის მაღალი, მართკუთხა მონაკვეთები, რომლებშიაც ღიობებია დატანილი.
ფასადთა კიდეებისკენ გაწეული, მართკუთხა, მაღალი, თავსართებით თითქმის კარნიზს მიბჯენილი ღიობებისა და მათ შორის მოქცეული, კედლის ვრცელი, მოურთავი ზედაპირების მონაცვლეობა წარმოქმნის ცოცხალ რიტმს, რომელიც, ღიობთა სხვადასხვა ზომის წყალობით, კიდევ უფრო თავისუფალი იქნებოდა თავდაპირველად, მაშინ, როდესაც გრძივი ფასადის მარცხენა სარკმლის ადგილზე, ნაგებობის თითქმის მთელი სიმაღლის მომცველი, კარი იყო გაჭრილი.
ფასადები მსგავსადაა დეკორირებული. გამოყენებულია აგურითვე გამოყვანილი სულ რამდენიმე ელემენტი, თუმცა ყოველი მათგანი მკაფიო აქცენტად იკითხება კედლის სადა წყობის ფონზე. მაგ., ღიობებს ასრულებს ვერტიკალურად დაწყობილი აგურებისგან შედგენილი, ზემოთკენ ტრაპეციულად ოდნავ გაფართოებული თავსართები, რომლებიც შუაში, საჭექი ქვის იმიტაციად, რელიეფურად გამოყვანილი, მოგრძო ელემენტებითაა გაფორმებული; „პილასტრების“ ზედა ნაწილები დეკორირებულია სტილიზებული „ჩირაღდნებით“, რომლებიც ერთი მოგრძო, ვერტიკალური და მის თავზე 3 საფეხურად მოთავსებული, ერთი მეორეზე მოზრდილი, ჰორიზონტალური აგურებისგანაა შედგენილი; კარნიზს დაყოლებული, ჰორიზონტალურად დაწყობილი აგურების მცირედშვერილი, უწყვეტი მწკრივი შემკულია ლათინური T - ფორმის, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული დეკორატიული ელემენტებით, რომლებიც „ჩირაღდნების“ გამარტივებულ ვარიაციად შეიძლება მივიჩნიოთ; აგურის „კბილანების” რიგისგან შედგენილი სარტყელი ევლება გვერდითა ფასადების ნახევარფრონტონებს, რომლებიც ცალფერდა სახურავის ქვეშაა მოქცეული.
ფასადების მსგავსი სტრუქტურა და დეკორის განმეორებადი ელემენტები ერთ მხატვრულ და კომპოზიციურ მთლიანობად კრავს მთელ ნაგებობას. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს შენობასთან თანდათანობით მიახლოვებისას, როდესაც ორი ფასადის ერთდროულად მოხილვა ხდება შესაძლებელი.
ნაგებობის ავთენტური ნაწილის ინტერიერს თითქმის სრულად აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი სივრცითი წყობა. ის ერთმანეთში გამავალი ორი, შედარებით ვიწრო, ერთგვარი ტალანისა და ფართო, კვადრატს მიახლოებული ოთახისგან შედგებოდა, რომლებიც ორი კარით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ვიწრო მონაკვეთი ახლა ორ სათავსადაა გაყოფილი. მათ გვერდითა კედლებში, იქ სადაც უწინ ღიობები იყო გაჭრილი, ღრმა ნიშებია მოწყობილი. კედლის მთელი სისქის მომცველ, ღრმა ნიშებში ჩასმული ღიობები, მათი მსუბუქად მორკალული თავები და საფეხუროვანი, დაბალი “კაპიტელებით“ დასრულებული კედლის პილასტრები (შერჩენილია ძირითადი სივრცის დამხმარე სათავსში) თავშეკავებულ ელეგანტურობას სძენდა ინტერიერს.
ნაგებობის განთავსება ერთგვარ მიკრო გარემოში, რომელსაც პატარა ბაღი და აუზი ქმნიდა, მისი მასშტაბი, აგურის მჭიდრო, სადა წყობა, ფასადების ცოცხალი რიტმი, კედლის სიბრტყეში რამდენიმე საფეხურით ჩაძირულ თუ ოდნავ ამოზიდულ ზედაპირებზე ცხოველხატულად განფენილი შუქ-ჩრდილი, თავშეკავებული დეკორი, რომელსაც სიძველის მცირე დეტალად, გრძივი ფასადის მარჯვენა კუთხეში, რკინის კრონშტაინზე დაკიდებული პატარა ზარი ემატება, ერთგვარ ხიბლსა და გამომსახველობას სძენს ამ ერთი შეხედვით, მარტივსა და მოკრძალებულ ნაგებობას, რომელიც საბჭოთა ხანის ცალკეულ გადაკეთებათა მიუხედავად, დღესაც ინარჩუნებს არა მხოლოდ ისტორიულ, არამედ მხატვრულ ღირბულებას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბოტანიკურის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79951491
Y: 41.68373605