CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3433
ObjectID: 3433
ID: 3433
Name: სიონი
FullName: სიონის ეკლესია
Description: გადმოცემით, სიონის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი იყო ერთი, იმ ოთხ ეკლესიათაგანი, რომლებიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში, V ს-ის ბოლოს. 570-80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამ კურაპალატმა საფუძველი დაუდო სიონის ახალ ტაძარს. მისი მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები, ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში. მომდევნო ხანებში სიონის ტაძარი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. შენობა დაზიანდა 764 წელს, ხაზარების მიერ, თბილისის დარბევის დროს და განსაკუთრებით ალბათ, 853 წელს, როცა არაბთა სარდალმა ბუღა-თურქმა გადაწვა ქალაქი. მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა, სიონის ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა, ჯალალ ედ-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს. თემურ ლენგის 1386 წლის შემოსევის დროს, დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. 1522 წელს სიონის ტაძარი დაანგრია ირანის შაჰმა ისმაილ II-მ, 1530-იან წლებში აღადგინა მეფე ლუარსაბმა. XVII ს-ის დასაწყისში ირანელთა მიერ, თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად, ტაძარი კვლავ დაინგრა. ის 1657 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, მაგრამ 1668 წელს მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა. 1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წელს ირანის შაჰ აღა-მაჰმად-ხანის მიერ, თბილისის აოხრების დროს. 1803-1805 წლებში ტაძარი აღადგინეს. 1821-1832 წლებში განაახლეს თლილი ქვის პერანგი, დასავლეთ ფასადზე. XIX ს-ის განმავლობაში ტაძარს კიდევ რამდენიმე რემონტი ჩაუტარდა. 1980-1983 წლებში აღადგინეს ტაძარზე XVII ს-ში სამხრეთიდან მიშენებული, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი და ჩრდილოეთიდან მიაშენეს წმ. ვახტანგ გორგასლის ეგვტერი. გასუფთავდა და კეთილმოეწყო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. 2000-იან წლებში აშენდა დასავლეთი კარიბჭე. სიონის ტაძარი "ჩახაზული ჯვრის" ტიპის შენობაა. გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და აფსიდის კედლებს. საკურთხევლის აფსიდის აქეთ-იქით, ასევე აფსიდიანი, სამკვეთლო და სადიაკვნეა. აღმოსავლეთ ფასადზე აფსიდები ხუთწახნაგად არის შვერილი. ტაძრის გეგმა, როგორც ჩანს, ძირითადად უცვლელი დარჩა XII ს-დან. ამდროინდელი უნდა იყოს მომწვანო ქვებით ნაგები, ორსაფეხურიანი ცოკოლი და დიდი, თლილი ქვების ერთი-ორი რიგი კედლების ძირში. 1657 წლის აღდგენის დროინდელია მკლავების კამარები, აფრები და შეისრული გუმბათქვეშა თაღები, აგრეთვე, კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოყვითალო-ქვიშისფერი ტუფის ფილების საფასადო პერანგი მეტწილად, XIX ს-ისაა, თუმცა, შემორჩა უფრო ძველი მოპირკეთების ნაშთებიც, კერძოდ, ჩრდილოეთ ფასადის ზედა ნაწილში, სადაც არის 1710 წლის წარწერა. წარწერის ირგვლივ რელიეფებია: ზემოთ - სოლარული სიმბოლო, აქეთ-იქით - ფასკუნჯების გამოსახულებები. სხვა ფასადები გლუვია, დაუნაწევრებელი, მხოლოდ სარკმლებს აქვს სადა საპირეები. შედარებით მდიდრულად არის გაფორმებული ტაძრის მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან, რომელსაც მოჩუქურთმებული, თაღოვანი ჩარჩო აქვს. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე სარკმლებს ზემოთ ორნამენტირებული ჯვრებია გაკეთებული. გუმბათი მთლიანად 1710 წლისაა. ის გარედან თექვსმეტწახნაგაა. ყოველ წახნაგში თითო, ვიწრო, მოჩუქურთმებულსაპირიანი სარკმელია. წიბოებზე აყოლებულია ლილვები, რომლებიც ზემოთ ლილვითვე გამოყოფილ ფრიზს ებჯინება და წყვილი ფოთლით მთავრდება. დასავლეთის მხარეს გუმბათის ყელის ორ წახნაგზე გამოსახულია განედლებული ჯვარი და მიჯაჭვული ლომი, ჩრდილოეთის მხარეს - წმ. მთავარანგელოზი და მაკურთხებელი წმინდანი, წიგნით ხელში (ეს ფიგურა ორნამენტირებულ კრონშტეინზეა დაყენებული). ინტერიერის მოხატულობა შესრულებულია 1851-1855 წლებში გრიგოლ გაგარინის მიერ. ტაძრის დასავლეთ ნაწილი 1978-1979 წლებში ხელახლა მოხატა ლევან ცუცქირიძემ. საკურთხევლის წინ მდგარი კანკელი გაკეთდა 1980-იან წლებში ძველი ქართული ნიმუშების მიხედვით. სიონის ტაძარში ინახება საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი, უდიდესი სიწმინდე - წმ. ნინოს ჯვარი. საკურთხეველში, ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია წმ. ევსტათი მცხეთელის ნაწილები. სადიაკვნეს კარის წინ, სამხრეთის კედელთან თეთრი ქვის აკლდამაში ასვენია ეპისკოპოს იოანე მანგლელის ნეშტი. საკურთხევლის წინ და გუმბათქვეშა ბურჯებთან საქართველოს კათალიკოს პატრიარქების კირიონ II-ის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკ III-ის, ეფრემ II-ის და დავით V-ის საფლავებია. წმ. მთავარანგელოზთა ეგვტერში დაკრძალულია ტაძრის განმაახლებელი მთავარეპისკოპოსი, ელისე საგინაშვილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4877
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სიონის ქ./4
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ჩახაზული ჯვრის ტიპი;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.80752181
Y: 41.6913418