CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3205
ObjectID: 3205
ID: 3205
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი სამხრეთით მცირედ დახრილ რელიეფზე ორი ქუჩის შესაყარზე მდებარეობს. ორსართულიანი შენობა ორი ფასადით გამოდის ქუჩის წითელ ხაზზე: მთავარი, აღმოსავლეთის ფასადი ბორჯომის ქუჩას გადაჰურებს, ხოლო ჩრდილოეთის ფასადი ეზოში შესასვლელი ჭიშკრით _ მ. წინამძღვრიშვილის ქუჩას. სახლის მიმოხილვას არც მწვანე საფარი უშლის ხელს, არც ვიწრო ქუჩა, ან მჭიდრო განაშენიანების პრობლემა. ძველი აგურით ნაშენი, გეგმარებით ხაზოვანი სახლი მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით, თავისი დროის (XIX საუკუნის ბოლო მეოთხედი) პირმშოა ეკლექტური ხუროთმოძღვრული იერსახით. ფსევდო-კლასიცისტური ტრადიციის მიხედვით გადაწყვეტილი ფასადებიდან მთავარი აღმოსავლეთის ფასადია. საფასადო კომპოზიციის ღერძულ დანაწევრებას ქმნის სართულშუა დეკორატიული თარო და ორი, მცირედ შვერილი რიზალითი. რიზალითებში და მათ შორის მოქცეული კედლის სიბრტყეზე სწორკუთხა სარკმლის ღიობებია ერთი აივნითურთ მოთავსებული (რკინისცხაურიანი აივანი მოგვიანებით მიშენებული ჩანს). ერთადერთი შესასვლელი კარი სადარბაზოს ეკუთვნის, რომელიც ფასადის განაპირა მარცხენა ფრთაშია გაჭრილი; სახლის ბლოკში შეტანილი ხის მარსიანი კიბის უჯრედი განათების წყაროს მეორე სართულის დონეზე მოთავსებული სარკმელი წარმოადგენს. საფასადო რიზალითების გაფორმება მხატვრული აქცენტებით კედლის დანარჩენ სიბრტყეთაგან გამოირჩევა. პირველი სართულის ზონა შედარებით სადაა _ კედლის გლუვ პილასტრებს შორის მოქცეულია პროფილირებულ სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული სარკმელი, მცენარეული რელიეფით დამშვენებული საჭექი ქვით, ხოლო პილასტრების ორსავ მხარეს კვადრატში ჩაწერილი წრის გეომეტრიული დეკორია მოქცეული. მეორე სართულის ზონაში დეკორი უფრო მდიდრულია _ სარკმელი კორინთული პილასტრებისა და მშვილდათაღოვან ფრონტონს შორისაა მოქცეული, ხოლო მის ქვემოთ ყვავილოვანი გირლანდებით გაფორმებული რელიეფია მოთავსებული. სარკმლის ჩარჩოზე დასმული საჭექი ქვის რელიეფი ამჯერად ბავშვისა თუ ამურის სახეს წარმოგვიდგენს. რიზალითებს შორის მოქცეული მეორე სართულის სარკმელთა სწორხაზოვანი სანდრიკები ვაზის მოტივებით გადაწყვეტილი რელიეფითაა შევსილი, რომლის ცენტრიდანაც რქოსანი პანის სახე იმზირება. სახლს მაღალი მცირედ შვერილი პროფილირებული კარნიზი ასრულებს. ჩრდილოეთის ქუჩისპირა ფასადი შედარებით უპრეტენზიო დანაწევრებისაა. პირველი სართულის თავდაპირველი სახე დაკარგულია, თუმცა აქ ოთხი სარკმელი უნდა ყოფილიყო გაჭრილი, ხოლო მეორე სართულის ასევე ოთხი სარკმლიდან ერთ-ერთზე მოგვიანებით რკინის ცხაურიანი აივანია მიდგმული (როგორც აღმოსავლეთის ფასადზე). ზედა სართულის სარკმელთა პროფილირებული ჩარჩო საჭექი ქვით აღმოსავლეთის ფასადის კომპოზიციას იმეორებს, იმ განსხვავებით, რომ სარკმლის თავზე მოკლე პროფილირებული თაროებია გადებული და არა ყვავილებით მოცითული რელიეფი. შენობის ეზოში შესვლა ვერ მოხერხდა (დაკეტილი იყო), მაგრამ ცნობილია, რომ ეზოს ფასადი ხის ჭვირულმოაჯირიანი აივნებით არის გაფორმებული, რომელთა უმრავლესობა შუშაბანდად არის გადაქცეული. სარდაფის სიმაღლე უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ დაახლ. 2 მეტრამდე უნდა იყოს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბოლო წლების განმავლობაში ვერ ხერხდება აღმოსავლეთის ფასადის ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სადარბაზოს გამაგრება, რომელსაც გამჭოლი ვერტიკალური ბზარები მიუყვება. მრავლობითი ბზარები შეინიშნება ზედა სართულის კედლებზე (2002 წლის მიწისძვრის შედეგი). დაზიანებულია კედელთა ნალესობა, ზოგ ადგილას, განსაკუთრებით წყალსადენი მილების სიახლოვეს, გაშიშვლებულია აგურის წყობა. პირმორღვეულია და ნალესობა ჩამოშლილია კარნიზი და რიზალითური შვერილების ფრონტონები. სახურავი ბოლო წლებსი გამოიცვალა და წყლის ჩამოდინების პრობლემა სრულად თუ არა, სანახევროდ მაინც მოიხსნა. ასევე მძიმედ დგას შენობის ავთენტურობის საკითხი. თავდაპირველი სახე სრულიად აქვს დაკარგული ჩრდილოეთის ფასადის პირველ სართულს, რომლის ფართიც სავაჭრო მაღაზიებს აქვთ დათმობილი, ოთხიდან სამი სარკმელი ცოკოლშია ჩაჭრილი და კარად გადაკეთებული; დაკარგულია სარკმლების ალათები, კედლის წყობის შემკულობა და თავდაპირველი ნალესობა. აღმოსავლეთ ფასადიდან დაკარგულია სამი საჭექი ქვა პირველი სართულის სარკმელთა მოჩარჩოებიდან. მეტწილად დაკარგულია ეზოს ფასადის თავდაპირველი იერსახეც. მიუხედავად არსებული დამთრგუნველი მდგომარეობისა, ავთენტურობის ხარისხი სანახევროდ მაინც შენარჩუნებულია, რის გამოც აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის, მცირე პლასტიკის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3982
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბორჯომის ქ./18.წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./180
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79313984
Y: 41.71996881