კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ქემნათ (ქემლათ) იოსელიანის კოშკი და დარბაზ-მაჩუბი
სარეგისტრაციო ნომერი:
19686
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური კოშკური საცხოვრებელი/სვანური მურყვამიანი (კოშკიანი) სახლი,სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სხვა,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ლახირი
კოორდინატები:
X:322113.707096514 Y:4769238.41702656 Z:1727.323
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
19/05/2011
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/110
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ქემლათ იოსელიანის კოშკი და დარბაზ-მაჩუბი სოფ. ლახირის მჭიდროდ განაშენიანებულ ნაწილში მდებარეობს ერთ-ერთ საყურადღებო არქიტექტურულ კომპლექსს ქმნის. სამხრეთით მკვეთრად დაქანებულ რელიეფზე აღმართული კოშკი და მის სამხრეთ-დასავლეთ ფასადზე მიშენებული და მჭიდროდ მიჯრილი საცხოვრებელი სახლები ზურგის ყრუდ ამოყვანილი კედლებით სოფლის გზაზე გამოდის, ხოლო კარ-სარკმლის ღიობებით გარემოზე ორიენტირებული სამხრეთის მხარე ეზოს გადაჰყურებს. კომპლექსის ნაგებობები ამჟამად მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილია; კოშკის მიმდებარე ნაგებობები სანახევროდ დანგრეულია. კომპლექსის ბირთვს წარმოადგენს ხუთსართულიანი კოშკი, რომელიც უმეტეს სვანურ კოშკთა მსგავსად, ნაგებია ფიქალით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. სიმაღლის ზრდასთან ერთად მკვეთრად შევიწროვებული კედლები ორქანობა თუნუქის საბურავითა და ბოლო სართულის შემამკობელი გვირგვინით სრულდება. საბურავი განახლებული და აღდგენილი ჩანს; ხოლო სამ-სამად შეწყვილებული სალოდე ღიობებით შექმნილი დაკბილულთაღიანი გვირგვინი ატმოსფერული ნალექების უშუალო ზემოქმედებით დაზიანებულია - ჩამორეცხილია ნალესობის ფენა. ეს უკანასკნელი ნაწილობრივ შენარჩუნებულია კოშკის დანარჩენ კედლებზე; მოშიშვლებული საპირე წყობაზე არ ვლინდება დაზიანებები. რთულ რელიეფზე ოსტატურად მორგებული კოშკის არქიტექტურული დანაწევრება მხოლოდ სამხრეთ ფასადზე კონცენტრირებულ კარ-სარკმლის ღიობებს მოიცავს, რაც სვანური კოშკების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს - ფუნქციური დანიშნულებისა და მკაცრი კლიმატური პირობების მორიგების ერთგვარ კონსტრუქციულ გზას. კოშკის ერთადერთი შესასვლელი კარი მეორე სართულის სიმაღლეზეა გაჭრილი: თაღოვან-ტიმპანიანი შესასვლელის წინ ამჟამად ხის წინფრა და აივანია გამართული, რომელიც ერთმარშიანი ხის კიბით უკავშირდება კოშკის კედელზე მიდგმული საცხოვრებელი სახლის აივანს. შესასვლელის ხის კონსტრუქციები არაა ავთენტური და ის სახლის სამხრეთ ფასადის თანადროული ჩანს. კოშკის კარის თავზე სართულების შესაბამისად, თითო-თითოდ მოთავსებული მაღალი და ვიწრო სარკმლები, გაგანიერებული ძირებით. კოშკის დასავლეთ ფასადზე, აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძის პერპენდიკულარულად მიშენებულია ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც დარბაზ-მაჩუბის სტრუქტურის მიხედვით ჩანს გამართული. სწორკუთხა გეგმარების, ორფერდა საბურავის მქონე სახლი ნაშენია ყორე ქვით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. გზის მხარეს სახლი ყრუ კედლით გამოდის, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხით ეზოშია შეტეხილი და უშუალოდ ედგმის კოშკის ჩრდილოეთ ფასადს. ამ მხარეს სახლის კედელი მაღალი და ვიწრო კარ-სარკმლის წყვილი ღიობით არის დანაწევრებული. სახლის მოძველებული თუნუქის საბურავი დაზიანებული და ალაგ-ალაგ აყრილია. სამხრეთ ფასადის ორივე სართული, რომელიც მსხვილი ყორე ქვით ამოყვანილი ტერასის კედელზეა დაშენებული, ღია აივნებით ეხსნება გარემოს. აივნის სადად შეფიცრული ხის კონსტრუქციები დაძველებული, საღებავჩამოცვენილი და ალაგ-ალაგ მორღვეულია. სწორედ ამ აივნებიდან არის შესაძლებელი კოშკის ინტერიერში მოხვედრა. სახლის დასავლეთ კედელზე კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლის ნაშთებია აღმართული. ასევე ორსართულიანი, სწორკუთხა გეგმარების სახლი შედარებით გვიან ჩანს აშენებული, მიუხედავად იმისა, რომ ღიობთა დანაწევრებისა და ფორმის სპეციფიკა, პირველ სახლთან შედარებით, უფრო არქაულ ხასიათს ატარებს (ასიმეტრიულად გაჭრილი, ტლანქი პროპორციების კარ-სარკმლის ღიობებით). მეორე სახლის ორფერდა საბურავი სრულად ჩამონგრეულია, ჯერ კიდევ შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები, საყრდენი კედლები ვერტიკალური ბზარებით არის დასერილი. ქემლათ იოსელიანის კოშკის კომპლექსი ძალიან მაღალი ურბანული და მხატვრული ღირებულების მატარებელი ძეგლია, რომლის ავთენტურობის დაცვა-შენარჩუნება რეგიონის უნიკალური ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის კონტექსტში მეტად მნიშვნელოვანია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com