კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
10763
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო >>ციხე-დარბაზი>
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო >>ციხე-დარბაზი>
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
გურია
მუნიციპალიტეტი:
ჩოხატაური
დასახლებული პუნქტი:
გორაბერეჟოული
კოორდინატები:
X:268651 Y:4654432
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ჩოხატაურიდან სამი კილომეტრის დაშორებით, სოფელ გორაბერეჟოულის ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს სასახლე (ერისთავების ციხე-დარბაზი) (სასახლეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის #3/133 ბრძანების საფუძველზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ხოლო, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის #665 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია). ამავე ბაღის ტერიტორიაზე გვხვდება ტექნიკუმისა (1950 წ.) და კლუბის (1961 წ.) შენობები. სასახლე (ერისთავების ციხე-დარბაზი) წაგრძელებულია ჩრდილო-სამხრეთ ღერძზე. ჩრდილოეთით სასახლეა, სამხრეთით- გალავანი. იგი ნაშენია საშუალო და მცირე ზომის ქვებით სქელ დუღაბზე. გალავნის გრძივი კელდები (აღმოსავლეთის და დასავლეთის) ოდნავ გრძელია სამხრეთის კედელზე. ამ უკანასკნელის ცენტრში შესასვლელია (შემდგომში გაგანიერებული), კედლებს შემოუყვება საბრძოლო ბილიკი. გრძივი და სამხრეთი კედლების შეერთების ადგილები მომრგვალებულია. ციხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში წრიული გოდოლის (ან სხვა დანიშნულების ნაგებობების) ნაშთია, რომლის კედლები 1,70 მ-ის სიმაღლისა შემორჩა. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ღია მარანია. ციხე-დარბაზის ჩრდილოეთით ორსართულიანი ,,დარბაზია“ (სასახლე). მეორე სართულს მთელ სამხრეთ ფასადზე მიდგმული აქვს შუშაბანდი. იგი ეყრდნობა ექვს, ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ამოყვანილ და ბრტყელი კაპიტელებით დასრულებულ, სწორკუთხა ფორმის სვეტს. ქვედა სართულში ორი ოთახია. აღმოსავლეთ ოთახის სამხრეთი კედლის ცენტრში შესასვლელია. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თლილი ქვით გამოყვანილი ბუხარია, დასავლეთით- მცირე ზომის სწორკუთხა ნიშა. დასავლეთ კედელში ორი, დიდი ზომის, რუსული აგურით გამოყვანილი ნიშაა; აღმოსავლეთ კედელში ერთი მცირე და ერთიც დიდი ზომის ნიშაა. დასავლეთ ოთახის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დიდი ბუხარია. მეორე სართულზე ასასვლელი ბეტონის კიბე მიდგმულია გალავნის აღმოსავლეთ კედელზე. მეორე სართულის სამხრეთი ფასადი შელესილ-შეთეთრებულია. შუშაბანდის დასავლეთი კედელი ამოშენებულია და მასში სარკმელია ჩატანებული. შუშაბანდში შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია; მეორე სართულზე ორი ოთახია. დასავლეთი ოთახი სწორკუთხაა. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სარკმლებია, სამხრეთ კედელში- აღმოსავლეთის ოთახში გასასვლელი კარები. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ბუხარია. აღმოსავლეთის ჩრდილო და სამხრეთ კედლებში კარებია. აღმოსავლეთი კედელი ყრუა. ორივე ოთახის კედლები შელესილ-შეთეთრებულია. ჭერი ფიცრულია, ბრტყელი. გალავნის კედლები 4-6 მ. სიმაღლეზეა შემორჩენილი. კედლებს აქვს სათოფურები და სალოდეები. გალავანს ჩრდილოეთ კედლის მაგივრობას სასახლის ფასადი უწევს. სასახლის სახურავი თუნუქისაა. გალავნის ზედა ნაწილი სუროთია დაფარული. გორაბერეჟოულის ბაღი, სადაც სასახლე (ერისთავების ციხე-დარბაზი) მდებარეობს, გამოირჩევა ეგზოტიკური და ადგილობივი ჯიშის ხე-მცენარეების მრავალფეროვნებით (გორაბერეჟოულის ბაღს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის #3/133 ბრძანების საფუძველზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ხოლო, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის #665 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია). იგი გაშენებულია პატარა გორაკზე, გაგრძელებული ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, რომელ ადგილსაც წინათ ადგილობრივი მოსახლეობა ცხენის ზურგს უწოდებდა. ბაღი რევოლუციამდე ეკუთვნოდა ანდრია მიხეილის ძე ერისთავს, რომლის გაშენება დაწყებული იქნა მამამისის მიერ XIX საუკუნის ნახევარში (ეს და ზუგდიდის პარკი დაახლოებით ერთი პერიოდის უნდა იყოს). მიხეილ ერისთავი სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან ერთად მუშაობდა მერქნიანი ეგზოტიკური ჯიშების შემოტანა-გავრცელების მიმართულებითაც, თუმცა ამ მხრივ მისი საქმიანობა დეკორატიულ ხასიათ ატარებდა. დავით დადიანის მსგავსად, მიხეილ ერისთავიც იყენებდა ,,რვეულს“, სადაც შეტანილი იყო ყველა იმ ჯიშის სახელები და გამოწერის ადგილი და დრო, რომლებსაც აშენებდა და განზრახული ჰქონდა მომავალში გაეშენებინა თავის ბაღში. მაგ. ესენია: ბამბა, ჩინური ჭინჭარი, ზეთის ხილი, კაკლის ხეები, ბატატი, იაპონური ზღმარტლი, ფორთოხალი, ნარინჯი, ლიმონი, ქინაქინის ხე და სხვ. მიხეილ ერისთავის მიერ წმინდა მერქნიანი ჯიშები შემოტანილი ყოფილა ამ ბაღის პირველ ნაკვეთში. აქვე არსებობდა რამდენიმე ნაძვის ეგზემპლარი, რომლის ნერგებიც გურიის ტყეებიდან ჩამოჰქონდა. აღნიშნულ გორაკზე რომ შესაძლებელი ყოფილიყო ბაღის გაშენება, მისი ზურგი გადაუთხრიათ, გაუვაკებიათ და ყოველი ხის დასარგავად ღრმა ორმოები ამოუთხრიათ, რომელთაც სხვადასხვა სასუქით ავსებდნენ. წყლის პრობლემის გამო, მოზრდილი კასრიანი ურმით დაბლიდან ეზიდებოდნენ გორაკზე წყალს და ასე რწყავდნენ ყოველ ხეს. მიხეილის საცხოვრებელი ბინა დაქანებულ ფერდობზე მდგარა და წინა პირი დაბლობისკენ ჰქონია მიმართული. ამ შენობის ქვედა სართული ქვითკირისა ყოფილა, ზედა საცხოვრებელი ოთახები კი ხის. ქვითკირის სართულს იგი სათბურივით ხმარობდა- ზამთარში ციტრუსები და სხვა მგრძნობიარე მცენარეები იქ შეჰქონდა. სათბური ჰქონია ასევე მოწყობილი ციხის ნანგრევის ქვედა სართულში, რომლის თავზე გამართული ყოფილა ხის ორი სართული. XX ს. 30-40-იან წლებში უკვე აღარ არსებობდა მიხეილის ნასახლარის ნანგრევები, ციხის ხის ზედა სართულები მოსპობილი ყოფილა, მხოლოდ თვით ციხე იქნა შემორჩენილი. მიხეილ ერისთავის მოკვლის შემდეგ (1870 წ.) ეს ბაღი გადავიდა მისი შვილის, ანდრიას ხელში. მას ბაღში არსებითი ცვლილებები არ მოუხდენია. მხოლოდ თარგების გაწყობა შეუცვლია, გზების და ბილიკების მიმართულება შეუსწორებია და უმეტესად დაუხლართავს და გაუმდიდრებია მცენარეებით. XIX ს. 70-იანი წლებიდან 1900 წლამდე, თითქმის 30-40 წლის განმავლობაში, ანდრიას შეჰქონდა ამ ბაღში მრავალი ეგზოტიკური მცენარე, ამდიდრებდა და ამშვენიერებდა ბაღს. შეაკეთა ბილიკები, ყოველი თარგი შემოგარსა ბზის ბორდიურით, რომელთაგან 30-იანი წლებისთვის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილიღა არსებობდა. ეგზოტებში ხეების გარდა დეკორატიულ ბუჩქებსაც საკმაო ადგილი ჰქონია დათმობილი. მერქნიანი ეგზოტები, რომლებსაც გორაბერეჟოულის პარკში ვხვდებით, უმთავრესად ანდრია ერისთავის შემოტანილია. ეგზოტები მოჰქონდათ უმთავრესად რუსეთიდან, შესაძლოა ნაწილობრივ ზუგდიდის პარკიდანაც, ხოლო ადგილობრივი ჯიშები- გურიის ტყეებიდან. აქვე ყოფილა შემდეგში სანერგე, სადაც ზრდიდნენ და აღონიერებდნენ მოტანილ და შეძენილ ნერგებს, რომლებიც შემდეგში გადაჰქონდათ მუდმივ ადგილას. რევოლუციის შემდეგ, ეს პარკი და მის ირგვლივ მდებარე მიწები ისევ ძველი მეპატრონის ხელში დარჩა ნორმის სახით. თვით ანდრია ერისთავი ცხოვრობდა პეტროგრადში, აქ კი დატოვებული ჰყავდა მოურავი, რომელიც ყველა სხვა მამულთან ერთად განაგებდა და მეთვალყურეობდა ბაღს. რევოლუციამდე აკრძალული იყო ხალხის სეირნობა ამ ბაღში და საერთოდ ამ ბაღით სარგებლობა. შემდეგ ეს აღკვეთა მოისპო და გასაბჭოების შემდეგ სრულიადაც ჩამოერთვა ძველ მეპატრონეს. 1923 წელს აქ გაიხსნა აგრონომიული პუნქტი, 1924 წელს დაარსდა გურიის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1921-1924 წლამდე ეს პარკი ითვლებოდა სახალხო მამულად, ტექნიკუმის გახსნის შემდეგ კი ამ პარკის მოვლა შედარებით გაძლიერდა. ეს მოვლა წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად გრძელდებოდა, რაც გამოიხატებოდა გზა-ბილიკების დაცვა-გასუფთავებაში, ხეების ირგვლივ შემობარვაში და ნაწილობრივ ახალი მცენარეების შემოტანაში. ამ ბაღის დენდროლოგიური მიმოხილვისას აღსანიშნავია: გინკო (1 ეგზ.), აღმოსავლური ნაძვი (29 ეგზ.), ქართული სოჭი (12 ეგზ.), ევროპული ანუ თეთრი სოჭი (1 ეგზ.), ჰიმალაის ცედრუსი (16 ეგზ.), იტალიური ფიჭვი (21 ეგზ.), ჩვეულებრივი ფიჭვი (109 ეგზ.), ზღვისპირის ფიჭვი (25 ეგზ.), შავი ფიჭვი (2 ეგზ.), ვაიმუტის ფიჭვი (3 ეგზ.), ჩინური კუნინგამია (5 ეგზ.), მარადმწვანე სექვოია, იაპონური კრიპტომერია, ტუოქსისი, დასავლეთის ტუია, დასავლეთის ბიოტა, კვიპაროსი, ლავზონის კვიპაროსი, ბლაგვწიწვიანი კვიპაროსი, ვირჯინიუს ხვია, წაბლი, უყუნწო მუხა, დიდყვავილა მაგნოლია, ქაფურის ხე, დაფნის ხე, ჰორტენზია, ცაცხვი, ფოტინია, აკაცია, კამელია და სხვ. 1934 წლის აღწერით ამ პარკში ადგილობრივი და უცხო ჯიშების ხეთა ასეთი შეფარდება იყო: ადგილობრივი- 23 (33%); ეგზოტი-46 (67%); სულ-69 (100%). ხეების რიცხვის მიხედვით: ადგილობრივი-284 (45%); ეგზოტი-347 (55%); სულ-631 (100%). ტექნიკუმის შენობა ბაღის ტერიტორიაზე დგას (GPS: X-.268632.999994466; Y-4654174.00002937; H-171 მ). კვადრატსმიახლოებული გეგმარების ორსართულიანი ნაგებობა მოქცეულია ოთხქანობა თუნუქის სახურავში, რომლის პირველი სართული ტუფის ქვითაა აშენებული და შელესილია ქვიშა-ცემენტის ხსნარით, მეორე სართული- ფიცრულია. შენობის მთავარი ფასადის ორივე სართული, კარ-სარკმელთა ღიობების იდენტური კომპოზიციური განაწილებით ხასიათდება. კერძოდ, ფასადის ცენტრალურ მონაკვეთში წარმოდგენილია ხის მასალაში შესრულებული, ერთმანეთის თავსზემოთ განლაგებული სამ-სამი თაღოვანი ღიობი. ამათგან, ქვედა რეგისტის თაღნარის ცენტრში დატანებულია კარი, ხოლო განაპირები ფანჯრებს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია წვეროთი დაყენებული რომბებით და პროფილირებული იმპოსტებით დასრულებული პილასტრებით. კარ-ფანჯრების ქვედა, შეფიცრული ,,ყრუ“ სიბრტყეები გაფორმებულია თაღედით. მსგავს სტილშია შესრულებული მეორე იარუსის სამი თაღოვანი ფანჯარაც. აღნიშნული ფასადის განაპირა მონაკვეთებში, ერთმანეთის სიმეტრიულად ორივე სართულის კედლებში დატანებულია ორ-ორი მართკუთხა მოყვანილობის ფანჯარა. პირველი სართულის ფანჯრებს შორის, კედლის სიბრტყეზე რელიეფურად გამოსახულია საბჭოთა სიმბოლიკა- ხუთქიმიანი ვარსკვლავი წარწერითურთ ,,СССР“ და მის ქვემოთ თარიღი ,,1950 Г.“. გვერდითა ფასადებს, ორივე სართულზე რიტმულად დაუყვება ექვს-ექვსი მართკუთხა ფანჯარა. უკანა ფასადის ცენტრალურ ნაწილში მართკუთა მოყვანილობის შუშაბანდია დატანებული, რომლითაც შენობის ფართო კორიდორები ნათდება. შუშაბანდი ფლანკირებულია კედლების სიბრტყეებში გაჭრილი მართკუთხა ფანჯრების ღიობებით. ამავე ფასადის პირველი სართულის კედელზე კვლავ მეორდება ზემოთ აღნიშნული საბჭოთა სიმბოლიკა და წარწერა. შენობას სარდაფი გააჩნია, რომლის შესასვლელიც სამხრეთიდანაა. სარდაფის ოთახები სამხრეთით და აღმოსავლეთით დატანებული პატარა ღიობებით ნათდება. კლუბის შენობა გორაბერეჟოულის ბაღში მდებარეობს (GPS: X-268611.999994465; Y-4654219.00002937; H-172 მ.). იგი მართკუთხა გეგმარების, აგურით აშენებულ ნაგებობას წარმოადგენს. დაბურულია ოთხქანობა, აზბოცემენტის ფილების სახურავით. კლუბის მთავარი (აღმოსავლეთი) ფასადის ცენტრალურ ნაწილში მოქცეულია თაღნარით გახსნილი შესასვლელი. არკატურა შედგება ორსაფეხურიანი კიბის გასწვრივ აღმართული ლითონის ექვი სვეტისგან (ამათგან, ცენტრში მოქცეული ორ-ორი სვეტი დაწყვილებულია, დანარჩენი ორი კი ცალკეულად- კედლის სიბრტყეს აუყვება), მათი დამასრულებელი ბეტონით ფორმირებული შეწყვილებულლილვებიანი ოთხი კაპიტელისგან და ზედ გადავლებული, კედლის მასებში გამოყვანილი სამი თაღისგან. აღნიშნულთაგან, ცენტრალური თაღი განაპირებთან შედარებით უფრო განიერი და მაღალია. სამივე თაღს ნალესობით გამოყვანილი მარტივპროფილიანი არშია შემოფარგლავს. თაღების ზემოთ შექმნილი კედლის ,,შუბლი“ მოიცავს რელიეფურად გამოყვანილ თარიღს, ქართულ და რუსულ წარწერებს: ,,კლუბი“, ,,1961“, და ,,КЛУБ“. აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალური ნაწილი ორივე მხრიდან ფლანკირებულია ორ-ორი მართკუთხა ფანჯრის ღიობით დანაწევრებული კედლებით. ფანჯრები გაფორმებულია პროფილირებული საპირეებით და თაროებით. კედლები დასრულებულია სამსაფეხურიანი კარნიზით. ნაგებობას ჩრდილოეთის მხრიდან მიშენებული აქვს მცირე სათავსო, რომელსაც კარები აღმოსავლეთიდან აქვს გაჭრილი. შენობა ეზოს უკავშირდება პოდიუმზე გამავალი სამი კარით. სამხრეთით გამავალი კარი ამჟამად გაუქმებულია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • კლუბის შენობა

  • კლუბის შენობა

  • ტექნიკუმის შენობა

  • ტექნიკუმის შენობა

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com